ტრეინინგები


         
 
 ამჟამად საიტზე 8 მომხმარებელია  EnglishFrenchGermanItalianPortugueseRussianSpanish
საბეჭდი ვერსია
Print Friendly

საქართველოს კანონი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, სააგენტოს ურთიერთობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

   მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

თავი II

ძირითადი დებულებები

    მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;

ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;

გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;

დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.

2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;

თ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;

ი) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;

კ) ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა;

ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა;

ნ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ო) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

პ) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.   

4. სააგენტოს უფლებამოსილება ( მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ,საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები განისაზღვრებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

მუხლი 5. ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერა

სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერის  პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.

  მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური

1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.

2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით.

მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში.

2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.

მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები

1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს  სტრუქტურული ქვედანაყოფების ა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით .

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განი­საზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სააგენტოს თანამშრომელი არ არის საჯარო მოსამსახურე და საჯარო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი.

4.  სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ შეიძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები.

  მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები

1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით.

2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ)  ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) კრედიტები და გრანტები;

ე)  შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4 . სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 10. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი

სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

  მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6319- I

Leave a Reply

იუსტიციის სახლი
შემოსავლების სამსახური
საჯარო რეესტრი
აღსრულების ეროვნული ბიურო
სამოქალაქო რეესტრი
ქ.თბილისის ქონების მართვის სააგენტო
ნოტარიუსთა პალატა