ტრეინინგები


         

ამჟამად საიტზე 17 მომხმარებელია

Print Friendly

საქართველოს კანონი

 

 ნოტარიატის შესახებ

 

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ნოტარიატი

1. ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.

2. ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო).

 

მუხლი 2. ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

მუხლი 3. ნოტარიუსი

1. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

3. სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო.

4. ანაზღაურება, რომელსაც ნოტარიუსს უხდიან მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის, ეკუთვნის ნოტარიუსს.

5. ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის.

6. ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის.

7. ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).

8. ნოტარიუსი ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობა.

9. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე. (6.07.2010. N3363)

 

მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა

გაერთიანებები

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპით აგებული ნოტარიუსების გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. ნოტარიუსები ნებაყოფლობით საწყისებზე შეიძლება იყვნენ ნოტარიუსთა საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტაში და ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა.

5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

მუხლი 5. სანოტარო მოქმედება

1. სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

2. სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. სანოტარო მოქმედების ენა

1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე.

2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.

 

მუხლი 7. სანოტარო მოქმედების შესრულებისას წარმოშობილი

სამართლებრივი დავა

სამართლებრივი დავა, რომელიც პირებს შორის წარმოიშობა სანოტარო მოქმედების შესრულებისას, განიხილება სასამართლო წესით.

 

მუხლი 8. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.

2. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის წარმომადგენელს. საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს წარმოებაშია. ნოტარიუსი ვალდებულია, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში.

3. ნოტარიუსს შეუძლია ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

4. პირს, რომლის თხოვნითაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის უფლებამონაცვლეს ან წარმომადგენელს შეუძლია წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლოს ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან. თუ პირი გარდაიცვალა და მას უფლებამონაცვლე არ ჰყავს ან უფლებამონაცვლესთან დაკავშირება შეუძლებელია, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან შეიძლება გაათავისუფლოს სასამართლომ. სასამართლოს შეუძლია ნოტარიუსი გაათავისუფლოს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან აგრეთვე სხვა საპატიო მიზეზებით.

5. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგებების თაობაზე აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. ნოტარიუსის უფლება სახელმწიფო გერბის გამოსახულების

გამოყენებაზე

1. ნოტარიუსს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია ნოტარიუსის სახელი და გვარი.

2. ნოტარიუსს უფლება აქვს, ფირნიშებსა და ბლანკებზე გამოიყენოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება.

 

მუხლი 10. ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ

საქმიანობაზე

1. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს;

ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს;

გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.

2. ნოტარიუსს შეუძლია იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედამხედველობის მასალებს ემყარება, გაასაჩივროს სასამართლოში.

3. იუსტიციის სამინისტრო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს ნოტარიუსებზე ზედამხედველობას აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

თავი II

სანოტარო სამსახური

 

მუხლი 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები

1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.

3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

 

მუხლი 12. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს).

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა.

3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. (24.06.2011. N4951)

5. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პირი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 150 ლარის ოდენობით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

6. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში არ განახორციელებს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ხელახლა ჩააბაროს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა

1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. (20.12.2011. N5573.)

3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

მუხლი 14. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის

საფუძვლები

ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ა1) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს; (20.12.2011. N5573 )

ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;

ბ1) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; (24.06.2011. N4951)

გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

დ) რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;

ე) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

ვ) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ზ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება.

თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად. (6.07.2010. N3363)

 

მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე

1. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირი იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;

გ) ამოღებულია (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და წარუდგინოს მათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

 

მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა

რეესტრში და  მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება

1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში.

3. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ნოტარიუსი მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.

4. საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

5. ყოველი წლის დასაწყისში, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ რაოდენობას. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის დადგენის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები.

 

მუხლი 17. სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერება

1. ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება:

ა) თუ მან დაარღვია ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ნოტარიუსმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა;

ბ) თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას;

გ) მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს.

3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი იუსტიციის სამინისტროს შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, იუსტიციის სამინისტრო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.

 

მუხლი 18. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს;

ბ) ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის   მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი       უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულქმედუნარიანად/ქმედუუნაროდ აღიარება;

დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას;

ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; (6.07.2010. N3363)

ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

 

მუხლი 19. სანოტარო ბიურო

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

2. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

 

მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა

  1. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა.

2. ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.

3. ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას.

 

მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს

ფინანსები

1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

2. ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მუხლი 22. ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა

ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.

 

მუხლი 23. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული დაზღვევა

1. ამ კანონის 22-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ნოტარიუსი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის.

2. ნოტარიუსის პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის მიერ მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ამ კანონის 22-ე მუხლში.

 

მუხლი 24. ნოტარიუსის შენაცვლება (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო ნოტარიუსის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 სამუშაო დღისა, რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (ნოტარიუსის მძიმე ავადმყოფობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვა) იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით.

4. ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში, როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს.

5. ნოტარიუსი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ასლი წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ნოტარიუსი ვალდებულია ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის თაობაზე მიღებული დადგენილება შეიტანოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

6. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

7. ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით.

8. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს ნოტარიუსის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

9. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს, რომელსაც იგი ცვლის.

 

 

მუხლი 25. ნოტარიუსის შემცვლელი პირის შრომის ანაზღაურება

ნოტარიუსის შემცვლელი პირი შრომის ანაზღაურებას იღებს იმ ნოტარიუსისაგან, რომელსაც იგი ცვლის. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ნოტარიუსი.

 

მუხლი 26. ნოტარიუსის შემცვლელი პირის ქონებრივი

პასუხისმგებლობა

1. ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ნოტარიუსის შემცვლელი პირის უკანონო სამსახურებრივმა ქმედებამ, ეკისრება ნოტარიუსს.

2. ნოტარიუსს აქვს ნოტარიუსის შემცვლელი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება გადახდილი კომპენსაციის ოდენობით.

 

მუხლი 27. ნოტარიუსობის კანდიდატი

1. ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის.

2. პირი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი (თუ მას არა აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი), გაივლის სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზედაც ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს.

3. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავლილი აქვს სტაჟირება და სტაჟირების გავლიდან ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი.

 

მუხლი 28. სტაჟირება

1. სტაჟირება ნიშნავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით სწავლებას. სტაჟირება შედგება ორი ეტაპისაგან და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

2. სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

3. სტაჟირების გავლის წესს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

 

მუხლი 29. სტაჟირების შეწყვეტა

სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

თავი III

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

 

მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ბიუჯეტი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებას იღებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება.

 

მუხლი 31. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობაში შედის ყველა ნოტარიუსი.

2. ნოტარიუსი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება მას შემდეგ, რაც მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობისა და სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლებას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე.

 

 

მუხლი 32. საწევრო შენატანი

1. ნოტარიუსი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში.

2. საწევრო შენატანის ოდენობა, აგრეთვე საწევრო შენატანის გადახდის ვადა დგინდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით.

 

მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:

ა) წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით;

გ) ნოტარიუსებისაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი განმარტებები;

დ) დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელები საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის;

ე) შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატი;

ვ) სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები;

ზ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო

კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:

ა) იუსტიციის მინისტრის წინადადებით;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ინიციატივით;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, რომელიც 2 კვირით ადრე აცნობებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მუშაობაში ნოტარიუსი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც ამავე პალატის წევრია და რომელსაც ამის შესახებ აქვს სათანადო წერილობითი თანხმობა.

5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებაში, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მუხლი 35. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო

კრების კომპეტენცია

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.

2. მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელების დადგენა.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას უფლება აქვს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დართოს ნება, შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებას.

 

მუხლი 36. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის

შემადგენლობა და სხდომა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2. თუ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ ზედიზედ ორჯერ არ აირჩია იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება 2 კვირის ვადაში ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის სამ წევრს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე.

 

მუხლი 37. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის

კომპეტენცია

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ასრულებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ყველა ამოცანას, გარდა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით კავშირი აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან და მისივე სახელით წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია თავისი ამოცანების შესრულებაში ჩართოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატი.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ, გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ უფლება აქვთ, ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ამ პირთა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.

 

თავი IV

სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების

ძირითადი მოთხოვნები

 

მუხლი 38. სანოტარო მოქმედება

1. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;

ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;

გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;

დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;

ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;

თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;

ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;

ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;

ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;

პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს;

ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს;

რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;

ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.

3. სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.

4. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან.

5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს დაგირავებული/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

მუხლი 39. სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება

ნოტარიუსი უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადის, სარეგისტრაციო დოკუმენტის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით წარდგენა სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოებისათვის, თუ სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას.

 

მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე

1. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს;

გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას.

2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ამ პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით უფლებამოსილია:

ა) ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება, ან ამ ნოტარიუსის შემცვლელი პირი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებით, სხვა მოქმედი ნოტარიუსი.

4. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს ნოტარიუსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით, ხოლო დუბლიკატის ამ წესით გაცემის შეუძლებლობისას – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.

6. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“.

 

მუხლი 41. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (28.12.2011. N5664)

1. დასახლებაში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებს ანდერძს;

ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

დ) გადასცემს პირის განცხადებასა და ცნობას სხვა პირს;

ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

თ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულება, რომლებიც ამ კანონის 38-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების თანამდებობის პირები

სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეიძლება შეასრულონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტებით და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით. საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

 

მუხლი 43. თანამდებობის პირთა მიერ იმ ანდერძებისა და

რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება

სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს

1. სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს უთანაბრდება:

ა) საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფ ან მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ, აგრეთვე მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლების დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ; ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსის ან მორიგე ექიმის მიერ;

ბ) საქართველოს ალმით მცურავ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საზღვაო გემის კაპიტნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ;

„გ) საძიებო-სადაზვერვო და სხვა, მათ მსგავს ექსპედიციებში მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ექსპედიციის უფროსის მიერ. (6.07.2010. N3363)

დ) სამხედრო მოსამსახურეთა ანდერძები და რწმუნებულებანი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტებში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანოები, – აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ;

ე) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ. (24.09.2010 N 3618)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოანდერძე ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებისთანავე ანდერძს წარუდგენს ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებამდე მოანდერძის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათთან დაცული ანდერძები ოფიციალური დეპონირებისათვის წარუდგინონ ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

 

 

მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის

გადახდევინებული საზღაური (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

ამ კანონის 41-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

 

მუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება

სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.

 

მუხლი 45. სანოტარო მოქმედების შესრულების ვადა

სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება

1. სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს:

ა) თუ გამოთხოვილია დამატებითი მონაცემები ან დოკუმენტები – მათ მიღებამდე;

ბ) თუ ტარდება ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე;

გ) დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედავებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უფლება აქვს, გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არა უმეტეს 10 დღის ვადით. თუ ნოტარიუსის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებული პირის განცხადების შეტანის შესახებ, ნოტარიუსი ასრულებს სანოტარო მოქმედებას.

2. სანოტარო მოქმედების შესრულება შეჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, სასამართლოში სამართლებრივი დავის გადაწყვეტამდე.

3. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებისას ან შეჩერებისას ნოტარიუსი არ გასცემს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს ან მოწმობას და სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებიდან ან შეჩერებიდან 2 დღის ვადაში გამოსცემს დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულების გადადების ან შეჩერების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსი დადგენილებაში აღნიშნავს, რომ შემოწმებულია პირთა უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა.

 

მუხლი 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა

1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არა აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თვითონ ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.

2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის.

3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.

 

მუხლი 48. პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და

ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის

უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების

გამოთხოვა

1. სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

2. კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას.

3. თუ გარიგება წარმომადგენლის მეშვეობით სრულდება, ნოტარიუსი ასევე ამოწმებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას.

4. ნოტარიუსს უფლება აქვს, გამოითხოვოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები დაწესებულებისაგან, საწარმოსაგან და ორგანიზაციისაგან.

 

მუხლი 49. სანოტარო მოქმედების შინაარსის და სამართლებრივი

შედეგების განმარტება

ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.

 

მუხლი 50. სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია.

2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

3. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში ამ პირისათვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების გასაგებად უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით. სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ სანოტარო მოქმედების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.

4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა.

5. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადო მითითება გააკეთოს დოკუმენტში.

 

მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია

1. სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები, რეგისტრაციაში ტარდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

2. შესრულებულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება დამოუკიდებელი ნომერი, რომელიც აღნიშნული უნდა იქნეს გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.

3. ნოტარიუსი ელექტრონული სანოტარო რეესტრიდან ამონაწერს გასცემს იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე

1. ნოტარიუსი და ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი ან თხოვნა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.

2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება

1. პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. საჩივარს ნოტარიუსის იმ საქმიანობაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით, განიხილავს იუსტიციის სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

 

მუხლი 54. სანოტარო მოქმედების შესრულება სხვა სახელმწიფოს

მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის

სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მოითხოვონ სანოტარო მოქმედების შესრულება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეებს.

 

მუხლი 55. ნოტარიუსის მიერ სხვა სახელმწიფოში გაცემული

დოკუმენტის მიღება

სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტს ნოტარიუსი მიიღებს, თუ ის ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

მოქმედება

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია საქართველოს მიერ ან რომლებსაც იგი შეუერთდა, დადგენილია სანოტარო მოქმედების შესრულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესი, ნოტარიუსი ხელმძღვანელობს შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.

 

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 57. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.

3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად  საქართველოს პარლამენტის 2010 წლის საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა. (6.07.2010. N3363)

7. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

 

მუხლი 58. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–56-ე მუხლებისა, 57-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა და 58-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონი „ნოტარიატის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, N012, 31.05.96, გვ. 16).

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

N 2283 – IIს

 

Leave a Reply

იუსტიციის სახლი
შემოსავლების სამსახური
საჯარო რეესტრი
აღსრულების ეროვნული ბიურო
სამოქალაქო რეესტრი
ქ.თბილისის ქონების მართვის სააგენტო
ნოტარიუსთა პალატა